Мой сайт
მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
 
ორშაბათი, 2024/10/14, 17:20:45
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 32
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2012 » მაისი » 7 » ძველი ეგვიპტე ნაწილი II
20:14:11
ძველი ეგვიპტე ნაწილი II
 ძვ. წ. V საუკუნის განმავლობაში ეგვიპტეში უცხოეთიდან შემოიღეს მონეტების სახის ფულადი სისტემა. თავდაპირველად მონეტებს იყენებდნენ ძვირფასი ლითონის სტანდარტიზებული ნაჭრების სახით ფულის ნაცვლად, მაგრამ მომდევნო საუკუნეებში საერთაშორისო ვაჭრობა უკვე მონეტებზე იყო დამოკიდებული. საგარეო ვაჭრობა  ძველი ეგვიპტელები უცხო ქვეყნებთან ვაჭრობდნენ იშვიათი, ეგზოტიკური საქონლის შემოსატანად, რომელიც ეგვიპტეში არ მოიძებნებოდა. წინადინასტიურ პერიოდში მათ ვაჭრობა დაამყარეს ნუბიასთან ოქროსა და ნელსაცხებლების შემოსატანად. ისინი ასევე ვაჭრობდნენ პალესტინასთან, რაც დასტურდება პალესტინური სტილის ზეთის ლარნაკებით, რომლებიც პირველი დინასტიის ფარაონების აკლდამებში იპოვეს. ეგვიპტური კოლონია დაფუძნებული სამხრეთ ქანაანში თარიღით ოდნავ უსწრებს პირველ დინასტიას. ნარმერი ეგვიპტურ თიხის ჭურჭელს ამზადებინებდა ქანაანში და შემდეგ უკან ეგვიპტეში აგზავნიდა. სულ მცირე მეორე დინასტიისთვის ძველი ეგვიპტელების ვაჭრობა ბიბლოსთან ხარისხიანი ხე-ტყის მასალის შემოტანის საშუალებას იძლეოდა, რაც იშვიათი იყო ეგვიპტეში. მეხუთე დინასტიისთვის პუნტების მიწასთან ვაჭრობით შემოდიოდა ოქრო, არომატული რეზინი, აბანოზი, სპილოს ძვალი და გარეული ცხოველები, როგორიცაა მაიმუნები და მაკაკები. ეგვიპტე ანატოლიასთან ვაჭრობაზე იყო დამოკიდებული კალის მნიშვნელოვანი მარაგისა და სპილენძის დანამატის შემოტანაში. ძველი ეგვიპტელები ერთობ აფასებდნენ ცისფერ ქვას lapis lazuli, რომელიც შორეული ავღანეთიდან შემოჰქონდათ. ეგვიპტის ხემლთაშუაზღვის სავაჭრო პარტნიორთა შორის იყვნენ საბერძნეთი და კრეტა, საიდანაც სხვა საქონელთან ერთად ზეთისხილის ზეთიც შემოჰქონდათ. ფუფუნების საგნებისა და ხე-ტყის იმპორტის სანაცვლოდ ეგვიპტელებს გაჰქონდათ მარცვლეული, ოქრო, სელი და პაპირუსი, სხვა მზა ნაწარმთან ერთად (მათ შორის მინა და ქვის ნაკეთობები). სოფლის მეურნეობა აკლადამის რელიეფზე გამოსახულია ყანაში მომუშავე მუშები. ხელსაყრელი გეოგრაფიული პირობების ერთობლიობამ დიდი წვლილი გაიღო ძველი ეგვიპტის კულტურის წარმატებაში, რომელთაგან უმთავრესი მდ. ნილოსის ყოველწიური წყალდიდობებით გამდიდრებული ნაყოფიერი მიწა იყო. შედეგად ძველ ეგვიპტელებს შესაძლებლობა ჰქონდათ უხვი საკვები ეწარმოებინათ, რისი წყალობითაც მოსახლეობას მეტი დროის დათმობა შეეძლოთ კულტურული, ტექნოლოგიური და არტისტული მისწრაფებების დაკმაყოფილებისთვის. მიწის მართვა მნიშვნელოვანი იყო ძველ ეგვიპტეში, ვინაიდან გადასახადები ადამიანის კუთვნილებაში არსებული მიწის ოდენობით იზომებოდა. მიწის დამუშავება ეგვიპტეში დამოკიდებული იყო მდინარე ნილოსის ციკლზე. ეგვიპტელები ცნობდნენ სამ სეზონს: "ახეტს" (წყალდიდობა), "პერეტს" (მოსავლის მოყვანა), და "შემუს" (მოსავლის აღება). წყალდიდობის სეზონი გრძელდებოდა ივნისიდან სექტემბრამდე, რომელიც მდინარის ნაპირებზე მინერალებით მდიდარ სილას ლექდა, რაც იდეალური იყო მარცვლეულის მოსაყვანად. წყლის დაწევის შემდეგ მოსავლის მოყვანის სეზონი გრძელდებოდა ოქტომბრიდან თებერვლამდე. ფერმერები ხნავდნენ და თესდნენ ველებზე, რომლებიც არხებით ირწყვებოდა. ეგვიპტეში წვიმა იშვიათი იყო, ამიტომ ფერმერები ძირითადად ნილოსის წყალზე იყვნენ დამოკიდებული. მარტიდან მაისამდე ფერმერები მოსავალს იღებდნენ. ხორბალს შემდეგ ფქვავდნენ, ხდიდნენ ლუდისთვის ან ინახავდნენ მომავლისთვის. ძველ ეგვიპტელებს ასლი და ჭვავი მოჰყავდათ, სხვა რამდენიმე მარცვლეულთან ერთად, რაც ორი ძირითადი საკვების შესაქმნელად გამოიყენებოდა — პურისა და ლუდისთვის.ისლის მცენარე, მოჭრილი ყვავილობამდე, მოჰყავდათ ქსოვილის ძაფის დასახვევად. ამ ძაფით სელს ქსოვდნენ და ტანსაცმელს კერავდნენ. ნილოსის ნაპირებზე მოყვანილი პაპირუსისგან საწერ ქაღალდს ამზადებდნენ. ხილი და ბოსტნეული მოჰყავდათ საბაღე ნაკვეთებზე, შემაღლებულ ადგილებზე, საცხოვრებელ მიდამოებთან ახლოს და ისინი ხელით ირწყვებოდა. ბოსტნეულთა შორის იყო ნიორი, ნესვი, ყაბახი, სალათი და სხვა, ყურძენთან ერთად, რომლისგანაც ღვინოს ამზადებდნენ. ეგვიპტელებს სწამდათ, რომ ბალანსი ადამიანებსა და ცხოველებს შორის კოსმიური წესრიგის მნიშვნელოვანი ელემენტი იყო, შესაბამისად, ადამიანები, ცხოველები და მცენარეები ერთი მთლიანის ნაწილად ითვლებოდა. ცხოველები, როგორც შინაური, ისე გარეული, სულიერების, თანაარსებობისა და არსებობის კრიტიკული წყარო იყო ძველი ეგვიპტელებისთვის. მსხვილფეხა რქოსანი ცხოველები ყველაზე მნიშვნელოვანი საქონელი იყო; ადმინისტრაცია გადასახადს კრეფდა მსხვილფეხა საქონელზე რეგულარული აღწერებისას, ხოლო პირუტყვის რაოდენობა მათი მფლობელის პრესტიჟსა და მნიშვნელობაზე მიუთითებდა. მსხვილფეხა საქონელთან ერთად ძველ ეგვიპტელებს მოშინაურებული ჰყავდათ ცხვარი, თხა და ღორი. ფრინველი, როგორიცაა იხვი, ბატი და მტრედი, დამწყვდეული ჰყავდათ, სადაც მათ მოსასუქებლად დაძალებით ცომით კვებავდნენ. ნილოსში უხვად იყო თევზი. ფუტკარი მიშინაურებული იყო სულ მცირე ძველი სამეფოს დროიდან და მათგან თაფლი და სანთელი მზადდებოდა. ძველი ეგვიპტელები სახედარსა და ხარს ტვირთსაზიდად იყენებდნენ. მათვე იყენებდნენ მინდვრების სახნავ-სათესად. მოსუქებული ხარის დაკვლა ღვთაებისთვის შეწირვის რიტუალის ცენტრალური ნაწილი იყო. ცხენი ეგვიპტელების ყოფა-ცხოვრების ნაწილი მეორე გარდამავალ პერიოდში ჰიქსოსთა მიერ გახდა. აქლემი, მიუხედავად იმისა, რომ ახალი სამეფოს დროიდან ცნობილი იყო, ტვირთმზიდად გვიანდელ პერიოდამდე არ გამოუყენებიათ. არსებობს წყაროები, რომლებიც მიუთითებს მცირე ხნით სპილოების გამოყენებაზე გვიან პერიოდში, თუმცა ეს პრაქტიკა მალევე მიივიწყეს მათთვის საჭირო საბალახოების არქონის გამო. ძაღლები, კატები და მაიმუნები გავრცელებული შინაური ცხოველები იყო, ხოლო უფრო ეგზოტიკური ცხოველები შემოყვანილი აფრიკის გულიდან, როგორიცაა ლომები, არისტოკრატიულ ოჯახებში ჰყავდათ გასართობად. ჰეროდოტეს აღწერით ეგვიპტელები ერთადერთი ხალხი იყო, რომელთაც შინაური ცხოველები საკუთარ სახლში ეჭირათ. წინადინასტიურ და გვიან პერიოდებში ცხოველის ფორმის ღვთაებების თაყვანისცემა განსაკუთრებით პოპულარული იყო, მაგ. კატა ქალღმერთი ბასტეტი და იბისი ღმერთი თოთი, და ამ ცხოველებს დიდი რაოდენობით ამრავლებდნენ რიტუალური მსხვერპლშეწირვისთვის. ეგვიპტე მდიდარია სამშენებლო და დეკორატიული ქვით, სპილენძისა და ტყვიის მადნებით, ოქროთი და ნახევრადძვირფასი ქვებით. ეს ბუნებრივი რესურსები ძველ ეგვიპტელებს საშუალებას აძლევდა მონუმენტები, საკულტო ნაგებობები, ხელსაწყოები და სამკაული შეექმნათ. ბალზამირებისთვის იყენებდნენ ვადი ნატრუნის მარილებს, რომელიც ასევე გამოიყენებოდა სალესი გიფსის დასამზადებლად. ადნეულით მდიდარი ქვის ფორმირებები შორეულ ვადის რეგიონში იყო არაბეთის უდაბნოში და სინაიზე, რაც ვრცელ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ექსპედიციებს მოითხოვდა ამ ბუნებრივი რესურსების მოსაპოვებლად. ვრცელი ოქროს საბადოები იყო ნუბიაში — ერთ-ერთი უპირველესი დღეისთვის ცნობილი რუკა იყო ამ რეგიონის ოქროს საბადოს აღწერით. ვადი ჰამამატი გრანიტისა და ოქროს მნიშვნელოვანი წყარო იყო. კრემნი პირველი მინერალი იყო, რომელსაც ხელსაწყოების საკეთებლად აგროვებდნენ და ამ მასალით დამზადებული ხელის წერაქვები ნილოსის ხეობაში ადამიანის დასახლების ყველაზე ადრეული მიმანიშნებელი საბუთებია. მინერალის პირს ფრთხილად ამუშავებდნენ საშუალო სიმაგრის ბასრი ხელსაწყოების (მაგ. ისრების და დანების) დასამზადებლად, ამ მიზნისთვის სპილენძის ადაპტირების შემდეგაც. ეგვიპტელები ტყვიის მადნის გალენიტს გებელ როსადან ბადეების, მცირე ხელსაწყოებისა და ფიგურების დასამზადებლად იყენებდნენ. სპილენძი ყველაზე მნიშვნელოვანი ლითონი იყო ხელსაწყოებისთვის და საწვავ მაღაროებში იდნობოდა სინაიზე მოპოვებული მალაქიტის მადნიდან. მუშები ოქროს აგროვებდნენ ალუვიული დეპოზიტების დანალექებიდან შეგროვებული მარცვლების გარეცხვით ან უფრო შრომატევადი ოქროს შემცველი კვარციტის დაქუცმაცებისა და რეცხვის პროცესით. რკინის დეპოზიტები, მოპოვებული ზემო ეგვიპტეში, გვიან პერიოდში იქნა ათვისებული. მაღალი ხარისხის სამშენებლო ქვები უხვად იყო ეგვიპტეში; ძველი ეგვიპტელები კირქვას მთელი ნილოსის ხეობის გასწვრივ ამზადებდნენ, გრანიტს ასუანიდან, ხოლო ბაზალტსა და ქვიშაქვას ვადისიდან აღმოსავლეთის უდაბნოში. დეკორატიული ქვების დეპოზიტები აღმოსავლეთის უდაბნოში იყო გავრცელებული და ათვისებული იყო უკვე პირველი დინასტიის პერიოდში. პტოლემეურ და რომაულ პერიოდებში მაღაროელი მუშები ზურმუხტის დეპოზიტებს ამუშავებდნენ ვადი სიკაიტში, ხოლო ამეთვისტოს ვადი ელ-ჰუდიში. ფარაონები უდიდეს როლს ასრულებდნენ ეგვიპტელთა ცხოვრებაში. ისინი ერთდროულად ქვეყნის მმართველებიც იყვნენ და უმაღლესი ქურუმებიც. ფარაონი იყო განკაცებული ღმერთი დედამიწაზე და ღმერთი სიკვდილის შემდეგ. იგი ღვთის შვილად მიიჩნეოდა და მის სამეფო ტიტულს ”რას შვილიც” ემატებოდა. თვით ტერმინი ”ფარაონი” ორი სიტყვის შერწყმაა: ”პერ-აა”, რაც ”დიდ სისხლს” ნიშნავდა. ფარაონს ქარაგმულად იხსენიებდნენ, რათა მისი სახელი ტაბუდადებული ყოფილიყო. ამ სახელის ხმამაღლა წარმოთქმა არ შეიძლებოდა. ადამიანებს, რომლებიც საკულტო-სარიტუალო საქმიანობას და ტაძრების მომსახურებას ეწეოდნენ, ქურუმები ერქვათ. ქურუმები შეადგენდნენ ეგვიპტის საზოგადოების ყველაზე გავლენიან სოციალურ ფენას. ზოგჯერ ისინი დინასტიებსაც აფუძნებდნენ. მოგვიანებით ქურუმობას მემკვიდრეობითი ხასიათი მიიღო. ქურუმების იერარქია განსაკუთრებული ორგანიზებულობით გამოირჩეოდა. ყოველ ღვთაებას ჰყავდა თავისი კლირი (ორგანიზაცია), რომლის სათავეშიც უმაღლესი ქურუმი იდგა. მას ფარაონი ნიშნავდა. რაც უფრო მაღალი იყო ამა თუ იმ ღმერთის ადგილი პანთეონურ იერარქიაში, მით უფრო ძლიერი იყო კლირი. ფარაონი ეგვიპტეს მართავდა თავისი ოჯახის წევრების დახმარებით. დიდგვაროვნებიდან ერთ-ერთს ფარაონი ვეზირის თანამდებობაზე ნიშნავდა. ვეზირები სიდიდით მეორე ადგილზე იდგნენ. მათ ემორჩილებოდნენ მეურნეობის სხვადასხვა დარგის მმართველები - მოხელეები. ვეზირს შეეძლო მოხელე გაეთავისუფლებინა ან მის მაგივრად სხვა დაენიშნა. ნომარქი იყო ერთ-ერთი თანამდებობა. ნომარქს ფარაონი ნიშნავდა. მას ევალებოდა მის ტერიტორიაზე მდებარე სარწყავი სისტემის წესრიგში მოყვანა, მოსახლეობის აღრიცხვა და გადასახადების აკრეფვა. მოხელეებსა და ნომარქებს თავდაპირველად სახელმწიფო აფინანსებდა, მაგრამ მათი რაოდენობის გაზრდის შემდეგ ეს გაჭირდა. ფარაონი მათ უყოფდა მიწებს, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ მანამ, სანამ თანამდებობები ეკავათ, გათავისუფების შემთხვევაში ამ მიწას კარგავდნენ. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაწ მიწები მემკვიდრეობით გადადიოდა. ეგვიპტის მოსახლეობის ძირითად ნაწილს მიწათმოქმედები ანუ მეთემეები შეადგენდნენ.ისინი ამუშავებდნენ ფარაონის, ნომარქის, ტაძრებისა და მოხელეთა კუთვნილ მიწებს, იშვიათად საკუთარსაც. ზოგჯერ მათ სახელმწიფო სამუშაოებზეც ანაწილებდნენ. ფარაონები ხშირად აწყობდნენ ლაშქრობებს მეზობელ კუთხეებში. ამ დროს იგი თითოეული თემიდან მეომრებს ითხოვდა. ამ ლაშქრობების სიხშირის გამო ეგვიპტეში გაჩდნენ სამხედრო მონები, რომლებიც უუფლებონი იყვნენ. მათ სახელმწიფო ინახავდა და მძიმე სამუშაოზე აგზავნიდა. ეგვიპტური დამწერლობა 3 ათასი წლის განმავლობაში იქმნებოდა. ყველა წერილობითი ძეგლი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, იეროგლიფური დამწერლობის ნიმუშია. იეროგლიფი ბერძნული სიტყვაა: hietes - საღვთო, lyphe - ამოკვეთა, ამოჭრა. იეროგლიფური დამწერლობა უძველესი ხატოვანი ნიშნების დამწერლობაა. პირველი იეროგლიფები ჩნდება ჩნდება ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლო ხანებიდან. ზოგიერთი იეროგლიფი მთელ სიტყვას გამოხატავს, ზოგიც მის ნაწილს (ძირს) და, ამასთან, ცალკეულ თანხმოვნებსაც (ეგვიპტურში 30-მდე თანხმოვანია) იეროგლიფურ დამწერლობაში დამხმარე ნიშნებსაც იყენებენ. ამ ნიშნებს დეტერმინატივებს უწოდებენ. დეტერმინატივი წაკითხვისას არ გამოითქმის, იგი მხოლოდ სიტყვის მნიშვნელობას აზუსტებს. ფუნჯით წერა პაპირუსზე, ან იშვიათად, ტყავზე სისწრაფეს მოითხოვდა, იეროგლიფების გამოყვანას კი დიდი დრო სჭირდებოდა. პირველი დინასტიის ხანაში (დაახლ. ძვ. წ. XXX საუკუნე) იეროგლიფიკის პარალელურად განვითარდა იერატიკული დამწერლობა, იეროგლიფურის კურსივული ფორმა. პირველ ხანებში იგი იხმარებოდა როგორც საღვთო შინაარსის ტექსტების, ისე საქმიანი ქაღალდების შესადგენად. ძვ. წ. VII საუკუნიდან, დემოტიკური დამწერლობის (იერატიკული დამწერლობის გაკრული ხელი) შემუშავების შემდეგ, იერატიკული დამწერლობა მხოლოდ რელიგიური ტექსტების შესადგენად გამოიყენებოდა. ძვ. წ. XII საუკუნიდან ეს დამწერლობა ისე დაშორდა პროტოტიპს - იეროგლიფურს, რომ ძნელად გასარჩევი გახდა. თავდაპირველად წერდნენ ვერტიკალურად, შემდეგ ჰორიზონტალურად - მარჯვნიდან მარცხნივ. იარსება დაახლოებით 3 ათას წელიწადს (III საუკუნემდე) წიგნები და საქმიანი ქაღალდები ეგვიპტეში განსაკუთრებულ, ჭილის ”ქაღალდზე” იწერებოდა. იგი პაპირუსისგან მზადდებოდა და ჩვეულებრივ ქაღალდზე გამძლე და მოქნილი იყო. ეს ”ქაღალდი” ძვირი ჯდებოდა და ამიტომ უბრალო, ყოფილი ჩანაწერებისა და სასკოლო სავარჯიშოებისათვის ე.წ ”ოსტრაკონს” - ბრტყელ ქვას ან თიხის ფირფიტას იყენებდნენ. კალმად ლერწმის ღეროს ხმარობდნენ, მელანს კი ჭვარტლისგან ამზადებდნენ. 1798 წელს ნაპოლეონის ექსპედიციის წევრმა მეცნიერებმა ეგვიპტეში აღმოაჩინეს როზეტის ქვა, რომელზეც ერთი და იგივე ტექსტი ორ ენაზე ეწერა: ბერძნულსა და ეგვიპტურზე. 26 წლის შემდეგ (1824წ.) ამ წექსტის საფუძველზე ფრანგმა მეცნიერმა შამპოლიონმა გაშიფრა ეგვიპტური იეროგლიფები. ძველი ეგვიპტის მითოლოგია ჩამოყალიბდა ძვ. წ. VI -IV ათასწლეულებში, კლასობრივი საზოგადოების წარმოშობამდე დიდი ხნით ადრე. ძველი ეგვიპტის მითოლოგიის წყაროები არასრული და უსისტემოა. მრავალი მითის ხასიათი და წარმოშობა ბუნდოვანია და მათი აღდგენა მხოლოდ გვიანდელ ტექსტებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი. ძირითადი ძეგლები, რომლებშიც ძველი ეგვიპტელების მითოლოგიური წარმოდგენაა არეკლილი, არის სხვადასხვა რელიგიური ტექსტები: ჰიმნები, ლოცვები, სამარხთა კედლებზე აღწერილი დაკრძალვის რიტუალები. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ”პირამიდების ტექსტები”, განკუთვნილი მეფეთა დაკრძალვის რიტუალისათვის. ეს ტექსტები ამოკვეთილია ძველი სამეფოს V და VI დინასტიების (ძვ. წ. XXVI - XXIII სს.) ფარაონების პირამიდების შიდა სათავსებში; ”სარკოფაგების ტექსეტი”, რომლებიც შუა სამეფოს ხანის (ძვ. წ. XXI - XVIII სს.) სარკოფაგებზეა შემონახული; ”მიცვალებულთა წიგნი” - შედგენილი ახალი სამეფოს დასაწყისიდან (ძვ. წ. XVI საუკუნის შუახანები) ძველი ეგვიპტის ისტორიის დასასრულამდე. ეგვიპტური მითოლოგიური წარმოდგენები თავისებურად აისახა ისეთ ტექსტებშიც, როგორებიცაა: ”წიგნი ძროხისა”, ”წიგნი სიფხიზლის ჟამისა”, ”წიგნები საიქიო სამყაროზე”, ”წიგნი სუნთქვისა”, ”ამდუატი” და სხვ. მნიშვნელოვან მასალებს გვაწვდის დრამატული მისტერიული ჩანაწერებიც, რომლებსაც ქურუმები ასრულებდნენ რელიგიურ დღესასწაულებზე და ფარაონთა კურთხევის ჟამს. მითოელემენტებს შეიცავს სხვა მაგიური ტექსებიც: შელოცვები, ჯადო-სიტყვები და სხვ. ეგვიპტური მითოლოგიის შესახებ ცნობებს გვაწვდის ძველი ბერძენი ისტორიკოსის, ”ისტორიის მამად” წოდებული ჰეროდოტეს (ძვ. წ. 485 - ძვ. წ. 424 წწ., ეგვიპტეში მოგზაურობდა ძვ. წ. V ს-ში) ნაშრომი ”ისტორია”; ძველი ბერძენი პროზაიკოსის, ისტორიკოსისა და ფილოსოფოს-ეთიკოსის პლუტარქეს (ძვ. წ. I - [[ძვ. წ. II სს.) ნაშრომი ”ისიდისა და ოსირისზე” და სხვ. მითების ცნობით, ნილოსის მიწა-წყლის მართვა პტახმა დაიწყო მენესის ეპოქამდე 17 900 წლით ადრე, ე.ი. 23 000 წლის წინ. 9000 წლის შემდეგ პტახმა თავის მმართველობა თავის ძერას გადასხვა. რა მხოლოდ 1000 წელიწადის მართავდა ეგვიპტეს. სწორედ ეს წლები ემთხვევა წარღვნის სავარაუდო დროს. ძველ ეგვიპტეში ბევრი რელიგიური ცენტრი იყო და მათგან თითოეულს თავისი კოსმოგონიური სისტემა ჰქონდა. შესაბამისად, არსებობდა სამყაროს შექმნის მრავალი ვერსია. რას კულტის აღზევების შემდეგ (V დინასტიის ეპოქა) ქვეყანაში გაბატონდა ჰელიოპოლისური (მზის ქალაქი, ეგვიპტური იუნუ) კოსმოგონია, რომლის თანახმადაც ყოველი ღვთაებრივსა და ცოცხლის (ყოფიერის) პირველსაწყისი და წარმომქმნელია ღმერთი ატუმი. ლეგენდის მიხედვით, იგი მოვლენილია ქაოსიდან - ნუნიდან. პირველად მან ღმერთ შუს და ქალღმერთ ტეფნუტის ღვთაებრივი წყვილი შექმნა. შუ იყო დედამიწასა და ცას შუა მოქცეული, ცისა და დედამიწის გამყოფი სივრცის განსახიერება, ტეფნუტი კი - მისი მდედრული დანამატი. ამ წყვილმა შვა ღმერთი გები და ქალღმერთი ნუტი. გები დედამიწის ღმერთი, არსებითად, თავად დედამიწაა, ნუტი - ცის ქალღმერთი, ანუ თავად ცა. დროთა განმავლობაში ოსირისი იქცა კვდომადი და მარად განახლებადი ბუნების სიმბოლოდ. იგი მცენარეულთა ღვთაებაც არის, მიცვალებულთა სამეფოს (საიქიო სამყაროს) მბრძანებელიც. ოსირისი თოტთან ერთად იდგა და გარდაცვლილთა გულებს წონიდა. როგორც კეთილი ღვთაება, ოსირისი მიცვალებულთა მხარესაა და იცავს მათს ინტერესებს. ისიდა, დიდი ქალღმერთი, დედობისა და ცოლქმრული ერთგულების სიმბოლოა. ოსირისი და ისიდა ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთები არიან ეგვიპტურ ღვთაებათა პანთეონში. ლეგენდის მიხედვით, ოსირისი ღმერთების პირმშოა. მის შემდეგ გაჩნდნენ ხორი უფროსი, სეხტი, ისიდა და ნეფტიდა. სეხტი ბოროტებაა; როცა ნილოსის ნაყოფიერ და აბიბინებულ მიწებს ცხელი, მშრალი და ქვიშიანი ქარი გადაუქროლებს, ეს სეხტის ბოროტება და ბოღმაა. ძველი ეგვიპტის რელიგიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მზის ღმერთს რას. იგი სინათლის ღმერთიცაა. - ყოველდღე თავისი ნავით ცაზე ადის და მთელ დედამიწას ასხივებს. საღამოს რა ქვესკნელში ეშვება, მთელი ღამე იქ წყვდიადის ბოროტ ძალებს ებრძვის და, გამარჯვებული, კვლავ მზედ უბრუნდება ქვეყნიერებას. მისი უცვლელი და უწყვეტი აღორძინების ნიშანია ანხ-ი - ჯვარი, რომელსაც წრის გამოსახულება აზის (შუა საუკუნეთა ალქიმიაში ანხ-ი უკვდავების სიმბოლო იყო). ეგვიპტელთა რწმენით არსებობდა სააქაო და საიქიო ცხოვრება. სააქაო ადამიანთა დროებით, საიქიო კი მუდმივ სამყოფლად წარმოედგინათ. საიქიოს ეგვიპტელები დასავლეთის ქვეყანას ეძახდნენ. დასავლეთის ქვეყნის ღვთაება იყო ოსირისი. ოსირისის მეუღლე კი ისიდა - ნაყოფიერებისა და დედობრივი სიყვარულის ქალღმერთი. ეგვიპტელები უზენაეს ღვთაებად მზის ღმერთებს - რას, ამონსა და ატონს აღიარებდნენ. მათ სწამდათ რომ რა ლოტოსისგან წარმოიშვა. რას ბაგეთაგან ღმერთები გაჩნდნენ, თვალებისგან - ადამიანები. საიქიო სამყაროს ღმერთი „ანუბისი" პტახი ერთერთი უმთავრესი ღმერთია და იწოდება ჭეშმარიტების მეუფედ, სამართლიანობის ღვთაებად. ამბობენ, რომ პტახი ერთდროულად იყო მზეც (რა) და მთვარეც (თოტი). ითვლებოდა ხელოვნების მფარველად. იგი ენეადების (9 ღმერთის) თავში დგას. მისი ენით (სიტყვით) და გულით შეიქმნა ყველა და ყველაფერი- ღმერთებიც და დანაღცენი სხვა არსებებიც. იგია მთელი სამყაროს შემოქმედი. ხორი (ოსირისის ვაჟი) ძველ ეგვიპტელთა ასევე ერთი მთავარი ღმერთია. მისი გამოხატულებაა ღვთაებრივი არწივი. იბრძვის მამის მკვლელ სეხტის წინააღმდეგ. ითვლება რას და თოტის თანამგზავრად. ზოგჯერ მზის დისკოს სიმბოლოთიც გამოსახავდნენ. იგი ეგვიპტის ფარაონთა ყველა დინასტიის მამამთავარი და ფუძემდებელია. ხორის სახელი ყველა ფარაონის სახელში ფიგურირებს. მისი მეუღლე და მდედრული წყვილია ჰათხორი - სიყვარულის, მხიარულების, ცეკვისა და მუსიკის ქალღმერთი (ბერძენთა აფროდიტე). საიქიო სამყაროს ღმერთია ანუბისი. იგი გამოისახებოდა ტურისთავიან ადამიანად. ჭირისუფლები ანუბისს ევედრებოდნენ, რომ საიქიოში მიცვალებულისთვის მფარველობა არ მოეკლო. სებეკი, რომელსაც ხშირად ნიანგის სახით გამოსახავდნენ, ერთერთი მთავარი ღმერთი იყო ეგვიპტურ პანთეონში. მას შესთხოვდნენ სხვადასხვა სენისგან განკურნებას და ცხოვრების მძიმე წუთებში თანადგომას. მისი ცოლი და მდედრული განსახიერებაა ქალღმერთი სებეკეთი, რომელიც ლომისთავიან ქალაქ გამოისახებოდა ძველ ეგვიპტურ რელიგიში გაღვთაებრივებული ცხოველების სიმრავლე, შესაძლოა, იქაური ფაუნის სიმწირით იყოს გამოწვეული. ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთაებრივი ცხოველი იყო შავი ხარი - აპისი. მემფისის ტაძარში მუდამ ჰყავდათ ცოცხალი ხარი - ღვთაებრივი ხარის მიწიერი განსახიერება. როგორც თეთრი, ისე შავი ხარი წმინდა ცხოველად ითვლებოდა და მისი მკვლელი უმკაცრესაც ისჯებოდა. მკვდარი ხარისთვის ქვის უზარმაზარ სარკოფაგს აგებდნენ. თაყვანს ცემდნენ წმინდა ძროხასაც (”წიგნი ძროხისა”). ძველი ეგვიპტელები ცარგვალს ძოხის სახითაც გამოხატავდნენ, რომელსაც ტანზე ვარსკვლავები ასხდა. გავრცელებული იყო ნიანგის კულტიც. ტაძრებში, გარდა აპისებიდა, ცოცხალი ნიანგებიც ჰყავდათ. მათ ქურუმები კვებავდნენ. სიკვდილის შემდეგ ნიანგს დააბალზამებდნენ და სარკოფაგში ჩაასვენებდნენ. საკულტო ცხოველებად მიიჩნევდნენ ცხვარსა და ლომსაც, აგრეთვე შავ ძაღლს, ტურას და ა.შ. მდაბიო ძველეგვიპტელთა საქმიანობის ამსახველი ქანდაკებები. ძველ ეგვიპტელთათვის დამახასიათებელი იყო მდიდარი კულტურული ტრადიციები, რომლებსაც თან სდევდა საზეიმო ცერემონიები, ნადიმები, ცეკვა და მუსიკა. ძველ ეგვიპტელთა უმრავლესობა ფერმერი იყო. მათი საცხოვრებელი ნაგებობები გამიჯნული იყო ერთმანეთისგან ოჯახების მიხედვით და ტალახის აგურით იყო ნაგები, რაც ცხელი დღის განმავლობაში მის სიგრილეს განაპირობებდა. ყოველ სახლს სამზარეულო ჰქონდა ღია სახურავით. აქ იყო საფქვავი ქვა ხორბლისთვის და მცირე ღუმელი პურის საცხობად. კედლები თეთრად იყო შებათქაშებული და სავარაუდოდ დაფარული იყო შეღებილი სელის ფარდებით. იატაკზე ლერწმით ნაქსოვი ფარდაგები ეფინა, ხოლო ავეჯს წარმოადგენდა ხის სამფეხა სკამები, იატაკიდან აწეული საწოლი და ინდივიდუალური მაგიდები. ძველი ეგვიპტელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ჰიგიენასა და ესთეტიკას. მათი უმრავლესობა ნილოსში იბანდა ტანს და ცხოველური ცხიმისა და ცარცისგან შექმნილ რბილ საპონს იყენებდა. მამაკაცები მთელ ტანს იპარსავდნენ სისუფთავისთვის, ხოლო უსიამოვნო სუნისა და კანის დასაამებლად არომატულ ნელსაცხებლებსა და ზეთებს იყენებდნენ. ტანსაცმელი უბრალო სელისგან იქმნებოდა, რაც ძირითადად თეთრი ფერის იყო. მაღალი წრის მამაკაცებიც და ქალებიც პარიკებს და სამკაულებს ატარებდნენ და სახეს კოსმეტიკით იფარავდნენ. ბავშვები 12 წლამდე ტანსაცმლის გარეშე დადიოდნენ. ამ ასაკში ბიჭებს წინადაცვეთის რიტუალს უტარებდნენ და თავს პარსავდნენ. ბავშვების მოვლა დედებს ევალებოდა, მამებს კი — ოჯახში სარჩოს შემოტანა. ძირითადი საკვები იყო პური და ლუდი, რასაც ემატებოდა ბოსტნეული, ძირითადად ხახვი და ნიორი, და ხილი — ლეღვი და ჩირი. ღვინო და ხორცეული ძირითადად დღესასწაულების დღეებში იყო მასებისთვის, ხოლო მაღალი წრისთვის კი უფრო რეგულარულად. თევზი, ფრინველი და ხორცეული მარილდებოდა და შრებოდა, შემდეგ კი წვნიანად კეთდებოდა ან იწვებოდა. მუსიკა და ცეკვა პოპულარული გართობის საშუალება იყო მათთვის, ვისაც ამისთვის ხელი მიუწვდებოდა. ადრეულ ინსტრუმენტთა შორის იყო ფლეიტა და ფანდური, მოგვიანებით დამუშავდა საყვირის, ობოისა და დუდუკის მსგავსი საკრავებიც. ახალ სამეფოში ეგვიპტელები უკვე მსოფლიოს სხვა ნაწილებიდან შემოტანილ საკრავებსაც იყენებდნენ. სისტრუმი ჟანჟრარა მუსიკალური ინსტრუმენტი იყო, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო რელიგიური ცერემონიებისთვის. დასვენების ჟამს ძველეგვიპტელები სხვადასხვა თამაშით ირთობდნენ თავს. სანეტი, დაფის თამაში იყო, რომელზეც ქვები კამათელზე ამოსული ნიშნის მიხედვით გადაადგილდებოდა და განსაკუთრებით პოპულარული იყო ადრეულ ხანებში; კიდევ ერთი მსგავსი თამაში იყო მეჰენი, რომელსაც მრგვალი სათამაშო დაფა ქონდა. ბურთით თამაში პოპულარული იყო ბავშვებში. ბენი ჰასანის აკლდამაში ასევე აღწერილია ორთაბრძოლის ტრადიცია. მდიდარი ძველეგვიპტელები თავს ირთობდნენ ნადირობითა და ნაოსნობით. მუშათა სოფლის დიერ ელ-მადინა გათხრებში აღმოჩენილ იქნა ძველი მსოფლიოს საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დეტალური დოკუმენტური მასალა, რომელიც თითქმის ოთხას წელიწადს მოიცავს. არ არსებობს სხვა არქეოლოგიური ძეგლი, სადაც უფრო უკეთ შეიძლება თემთა ორგანიზაციის, სოციალური ურთიერთობების, შრომისა და ცხოვრების პირობების დეტალების შესწავლა. ეგვიპტელები განთქმულნი იყვნენ არქიტექტურით მთელ იმდროინდელ მსოფლიოში. მათი ნაგებობები გეომეტრიული სიზუსტით არის აშენებული, რაც უდავოდ მოწმობს იმას, რომ ძველი ეგვიპტელები კარგად იცნობდნენ როგორც არქიტექტურას, ასევე მათემატიკას. ეგვიპტელთა მიერ აშენებული ნაგებობების მსგავსი ნაგებობების აშენებაც კი დღევანდელი ტექნიკით ძნელად მისაღწევია. ეგვიპტელებს ჰქონდათ სპეციალური ქვის სამტეხლოები, სადაც მზადდებოდა სკულპტურული ნაკეთობები. ზოგჯერ მთლიანად კლდეში აქანდაკებდნენ ფარაონების, ან ღმერთების გამოსახულებებს. ამისი კარგი მაგალითია დიდი სფინქსი, რომლის სიმაღლე 20 მეტრია, სიგრძე კი 60 მეტრს აღემატება. სფინქსი არის ფარაონის თავიანი და ლომის ტანიანი ფიგურა, რომელიც ფარაონის ღვთაებრივი წარმოშობისა და სიძლიერის სიმბოლოა. ეგვიპტელები ხშირად აშენებდნენ მაღალ სვეტებს - ობელისკებს. ობელისკების სიმაღლე ზოგჯერ 20 მეტრამდეც აღწევდა. ისინი ერთი მთლიანი გამოკვეთილი ქვა იყო და არა ცალ-ცალკე ქვებით აშენებული. 20 მეტრიანი ობელისკების აღმართვა ძნელი საქმე იქნებოდა. მათ სავარაუდოდ დახრილი სიბრტყის დახმარებით აღმართავდნენ. ობელისკებზე ეგვიპტური იეროგლიფებით ამოტვიფრული იყო ფარაონი ან რომელიმე ღვთაების სადიდებელი სიტყვები, ზოგჯერ კი დიდგვაროვანის (ფარაონი, ნომარქი) მთელი ისტორია იყო მოთხრობილი. ეგვიპტურ არქიტექტურაში ყველაზე ღირსშესანიშნავი მაინც პირამიდებია. მათი მშენებლობა ძვ. წ. XXVII საუკუნეში დაიწყეს. თავდაპირველად პირამიდის ფორმა საფეხუროვანი იყო, შემდეგ კი საფეხუროვანი კედლები სწორმა და მოპირკეთებულმა კედლებმა შეცვალა. პირველი პირამიდა ფარაონ ჯოსერს ეკუთვნოდა. მისი სიმაღლე 60 მეტრს აღემატებოდა. ჩვენამდე მოღწეულ ასამდე პირამიდიდიან თავისი სიდიდით გამოირჩევა ფარაონ ხეოფსის პირამიდა. იგი ძვ. წ. XXVI საუკუნეშია აგებული. მისი სიმაღლე 147 მეტრამდე იყო, დღეს კი 136 მეტრია დარჩენილი. გვერდების სიგრძე 233 მეტრია.მის მშენებლობაზე დაახლოებით 2300000 ლოდი დაიხარჯა. თითოეული ლოდი ორ ტონაზე მეტს იწონიდა. ძველი ეგვიპტელები ლოდების შესაწებლებად არავითარ დუღაბს არ იყენებდნენ. პირამიდის მშენებლობა დაახლოებით ოცი წელი გაგრძელდა. ეგვიპტის პირამიდები დღესაც არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად მიიჩნევა. ფარაონთა პირამიდები მსოფლიოს პირველი საოცრებაა. ქრისტიანული რწმენით მაცხოვრის მოვლინებამდე დაახლოებით საუკუნე-ნახევრით ადრე სახელგანთქმულმა ბერძენმა მათემატიკოსმა ფილონ ბიზანტიელმა დაწერა მცირე რიტორიკური ტრაქტატი, რომელსაც ”დე სეპტუმ ორბის სპექტაკლეს”, ანუ ”სამყაროს შვიდი საოცრება” უწოდა. სამწუხაროდ, ამ ტრაქტატში შესული შვიდი საოცრებიდან სამი (სემირამიდას დაკიდებული ბაღები, როდოსის კოლოსი, ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში) უკვალოდაა გამქრალი. სამის — ალექსანდრიის შუქურის, მაუზოლუსის აკლდამისა (ჰალიკარნასში)[103] და არტემიდას ტაძრისა (ეფესო), მხოლოდ უმნიშვნელო ნამსხვრევებია დარჩენილი. რაც შეეხება ხეოფსის (ხუფუს) დიდ პირამიდას, ის ერთადერთია ფილონ ბიზანტიელისეული სამყაროს საოცრებათაგან, რომელმაც დღემდე მეტ-ნაკლებად პირვანდელი სახით მოაღწია. სივრცე, რომელიც ამ უზარმაზარ ძეგლს უჭირავს, ერთად დაიტევს რომის წმინდა პეტრეს ტაძარი, უესტმინსტერის სააბატოს, ფლორენციისა და მილანის უდიდეს ტაძრებს. ხეოფსის პირამიდა 2 300 000 ქვის ბლოკითაა ნაგები და სიმაღლით 146 მეტრია. თითოეული ბლოკის წონა რამდენიმე ათეული ტონაა, ზოგიერთის კი 200 ტონასაც აღწევს. ხეფრენის (ხაფრა) პირამიდის სიმაღლე 143.5 მეტრია, მიკერინისა (მენკაურა) — 65.5 მ. ხეოფსის დიდი პირამიდის არქიტექტორია ხემიუნი. პირამიდებზე, ისევე როგორც ეგვიპტური კულტურის სხვა სიმბოლოებზე, მრავალი მოსაზრებაა გამოთქმული. ერთ-ერთი ვერსიით, პირამიდა მთის სახეხატებაც არის, სიმბოლო დასაბამიერ და ქაოსურ წყალთან ამოზიდული იმ პირველი ბორცვისა, რომლითაც დაიწყო სიცოცხლე დედამიწაზე. ხეფრენის პირამიდა (ძვ. წ. 2520 -ძვ. წ. 2494 წწ.) უფრო პატარაა, ვიდრე ხეოფსისა, მაგრამ უფრო მაღალი ჩანს, რადგან ოდნავ ამაღლებულ ადგილზეა აღმართული. მის წვერზე ახლაც არის შემორჩენილი თეთრი კირქვის ფილები, რომლითაც პირამიდა ერთ დროს იყო მოპირკეთებული. პირამიდებთან სიახლოვე მარადიული სიცოცხლის კარიბჭესთან დგომასაც ნიშნავდა. ხეოფსის პირამიდის ირგვლივ ფარაონის წარჩინებული და დიდგვაროვანი მსახურები განისვენებენ. 1880 წელს ფრანგმა ეგვიპტოლოგმა გასტონ კამილ შარლ მასპერომ საკარაში აღმოაჩინა ძველი ეგვიპტის რელიგიური და ლიტერატურული ძეგლი - ”პირამიდების ტექსტები”. შესრულებული მწვანე ფერის იეროგლიფებით ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევარში. ”პირამიდების ტექსტებში” შესულია ღმერთებისადმი მიძღვნილი ჰიმნები, მითების ნაწყვეტები, მაგიური ფორმულები. ტექსტები რამდენიმე ნაწილისგან შედგება. უძველესი ნაწილი წინადინასტიურ ხანას ეკუთვნის და საფიქრებელია, რომ, ვიდრე პირამიდების კედლებზე მიაწერდნენ, ზეპირად გადაეცემოდა თაობიდან თაობას. მესამე დინასტიის ფარაონმა ჯოსერმა (ძვ. წ. 2630 - ძვ. წ. 2611 წწ.) გადაწყვიტა, ძველი სამაროვნის საძირკველზე თავისთვის ახალი სარკოფაგი აეგო. მთელი სამაროვანი კომპლექსი, რომელიც არქიტექტორმა იმჰოტეპმა შექმნა, იმ დროის ეგვიპტის ხუროთმოძღვრებაში ნამდვილი რევოლუციური გადატრიალება იყო. კომპლექსის შუაში იდგა ჯოსერის საფეხუროვანი (ტერასული) პირამიდა - ცნობილი ეგვიპტის პირველი პირამიდის სახელით. მის ირგვლივ განლაგებულ ნაგებობებში საიუბილეო დღესასწაულები იმართებოდა. იმჰოტები იყო ის არქიტექტორი, ვინც პირველი პირამიდა ააგო და მშენებლობის პრაქტიკაში სრულიად ახალი მასალა გამოიყენა. მისი ტერასული პირამიდა მთლიანად ქვით ნაგები პირველი კოლოსალური ძეგლია. ლერწმის, ხის და ნილოსის თიხის ახალი სამშენებლო მასალით შეცვლა თითქმის შეუმჩნეველი რჩებოდა, რადგან წინა ”ენა” არქიტექტურისა დაცული იყო. IV, V და VI დინასტიების ხანაში აყვავებას იწყებს ახალი სწილის არქიტექტურა. ამ პერიოდში აიგო სამი პირამიდა. პირველი მემფისის სამხრეთით, მენდუმის რაიონში აღიმართა. ორი სხვა - ერთი ცნობილი, როგორც ორმაგი დახრილობისა და მეორე - ”წითელი პირამიდა”, მდებარეობს დაჰშურში, დედაქალაქიდან 16 კმ-ის დაშორებით. წითელი პირამიდა ხეოფსის დიდი პირამიდის პროტოტიპად გამოიყენეს. ხეოფსი იყო სნოფრუს ვაჟი და მემკვიდრე გიზაში. მისი დროიდან სამეფო სამარხებმა ჩრდილოეთით - გიზისა და აბუ როშისკენ გადაინაცვლა. V დინასტიის უკანასკნელმა ფარაონმა უნისმა (ძვ. წ. 2355 - ძვ. წ. 2325 წწ.) ისევ საკარა ირჩია. მისი პირამიდა იმ ეპოქიდან დღემდე შემონახული ერთერთი ამგვარი უნიკალური ძეგლია. იგი ქვითაა ნაგები. სამარხი დარბაზების კედლებზე წარწერილია პირამიდების ტექსტები, რომლებიც ეგვიპტელთა რწმენით გარდაცვლილ ფარაონს საიქიოში სჭირდებოდა. სფინქსი [რედაქტირება] მთავარი სტატია : სფინქსი. არსებობს მოსაზრება, რომ სიტყვა ”სფინქსი” ეგვიპტური წარმოშობის არ უნდა იყოს. ეგვიპტეში მას ”შესეფ-ანხ”-ის ეძახიან, რაც ნიშნავს ”ცოცხალ ხატს” და რაც, რა თქმა უნდა, ღმერთის ამ მბრძანებლის ცოცხალ სახებას გულისხმობდა. ღმერთს ხშირად ადამიანის ტანითა და წმინდა ცხოველის თავით გამოსახავდნენ. ფარაონი ან მბრძანებელი, რომელიც ღმერთის მიწიერ ნაცვლად და მის ძედ მოიაზრდებოდა, უკუმიმდევრობით იყო გამოსახული - ადამიანის-მბრძანებლის თავით და ცხოველის ტანით. ამ ნახევრად ადამიანის, ნახევრად ცხოველის ფიგურებში ჩაქსოვილია ის ღრმა აზრი, რომ არსი ღმერთისა და კაცისა ერთია, ხოლო განსხვავება მათს საპირისპიროობშია. მსგავსი კოლოსალური ფიგურა აღმოჩენილია ნიმრუდში (ძვ. კალხა) ოსტინ ჰენრი ლეიარდის მიერ 1845 წელს ჩატარებული გათხრების შედეგად; ფრთიანი გველი - ამერიკელ ინდიელთა საცხოვრებელ ტერიტორიებზე; ადამიანი-ხარი - სირიაში, კრეტასა და მესოპოტამიაში, ხოლო შივას სპილოსთავა ვაჟი - ინდოეთში. სარიტუალო წეს-ჩვეულებები [რედაქტირება] სულის მოსახსენიებელი სარიტუალო წესები მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ძველ ეგვიპტელთა რელიგიურ და კულტურულ ცხოვრებაში. გარდაცვლილს ჭირისუფლები ტაძარში მიასვენებდნენ. იქ გვამს აბალზამებდნენ. მიცვალებულს ამოაცლიდნენ ყველა შინაგან ორგანოს, მათ შორის გულსაც, რომელსაც განსაკუთრებულ ჭურჭელში დებდნენ და გვამთან ერთად ინახავდნენ. გულს მთავარი როლი უნდა შეესრულებინა გარდაცვლილის საიქიო ცხოვრებაში. ეგვიპტელთა რწმენით, მიცვალებული გაცოცხლდებოდა, თუ მისი სხეული, ანუ სახ-ი, დაცული იქნებოდა. ბევრჯერ სარკოფაგებში გარდაცვლილის ქანდაკებებიც აღმოუჩენიათ. ამ ფიგურებს ეგვიპტელები საგანგებოდ ატანდნენ მიცვალებულს, რათა გვამის განადგურების შემთხვევაში სულს თავშესაფარი მათში ეპოვა. გარდაცვლილს ატანდნენ სხვა სსპეციალურად შექმნილ ფიგურებსაც, რომლებიც მას იმ ქვეყნად მონებად და მსახურებად ეყოლებოდა. სარკოფაგის ახლოს სამარხში აწყობდნენ საომარ და შრომის იარაღებს, ჭურჭელს და ათას წვრილმანს, რაც სიცოცხლეში სჭირდებოდა ადამიანს. ეგვიპტელები თავიანთ მიცვალებულებს ისე ექცეოდნენ, როგორც ცოცხლებს: მიდიოდნენ სამარხებთან, მიჰქონდათ საჭმელი, ესაუბრებოდნენ, ლოცულობდნენ, გაჭირვების ჟამს შველასაც სთხოვდნენ და წერილსაც კი უტოვებდნენ საჩინო ადგილას, რათა სარკოფაგიდან და სხეულიდან გამოსულ და კვლავ მობრუნებულ სულს იგი შეემჩნია და წაეკითხა. ძველ ეგვიპტელს სწამდა, რომ იმქვეყნიურ კეთილდღეობას სიცოცხლეში ყოველდღიური ლოცვით და რიტუალების ერთგულად შესრულებით მიაღწევდა. საჭირო იყო ბნელი ძალების წინააღმდეგ ბრძოლა და მომზადება საიქიო სამსჯავროზე წარსადგომად. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ”მიცვალებულთა წიგნი”. მასში აღწერილია ყველა ის საშუალება, რომელიც, ეგვიპტელთა რწმენით, სულს სამჯავროზე დაეხმარებოდა. ყველა მოვალე იყო, დაწვრილებით აღეწერა სამზეოზე გატარებული თავისი ცხოვრება. ასეთი აღწერა, როგორც წმინდა ტექსტი, გარდაცვლილს თან უნდა წაეღო. სამჯავროზე მიცვალებულის სული ამ ტექსტს კითხულობდა და ღმერთები მასში მოთხრობილ ამბავს ითვალისწინებდნენ. იმქვეყნიური ნეტარებისთვის ეგვიპტელი ხშირად ცრუობდა კიდეც. ამიტომ საიქიო სამჯავროზე მაინც გარდაცვლილის გული იყო მთავარი. აქ გული აიწონებოდა და გამოჩნდებოდა განსასჯელის ავი და კარგი საქმენი. რათა გულს არ გაეცა თავისი პატრონი, მიცვალებულის სული მაგიურ შელოცვებს წარმოთქვამდა. ორი მაატის - ორმაგი ჭეშმარიტების დარბაზში, სადაც განსასჯელს მკაცრი გამოცდა ელოდა, სამსჯავრო სრული შემადგენლობით სუფევდა დიადი ღმერთის - რას მეთაურობით. იქ იყვნენ თოტი, ორმაგი ჭეშმარიტების დარბაზის ქურუმები და ქვესკნელის მეუფე ოსირისი. მათთან ერთად სამსჯავროს ესწრებოდა 42 ზებუნებრივი არსება. ყოველი მათგანი ერთ რომელიმე შეცოდებას განიკითხავდა. მიცვალებული წარმოთქვამდა სიტყვას, რომლითაც ამტკიცებდა თავის უცოდველობას. სამსჯავროზე რომ არ ემხილებინათ, იგი საგანგებოდ ჩამოთვლიდა 42 ზებუნებრივ არსებას, რითაც ერთგვარად მათ გულს იგებდა. ძველი ეგვიპტელების წარმოდგენით, მართალი ადამიანის გული ბუმბულივით მსუბუქი იყო, ამიტომ ოსირისის სამსჯავროზე მას ბუმბული არ უნდა გადაეწონებინა. განკითხვის დასასრულს თოტი და ანუბისი იწყებდნენ გულის აწონას. თუ დაიმსახურებდა, მიცვალებულისთვის საიქიოს კარი ღია იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ”სულთა მსვლეპი” იქვე შესანსლავდა ცოდვილ და უბედურ სულს.
ნანახია: 6092 | დაამატა: JIXVACHABA | რეიტინგი: 3.5/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2024